logo
ENG



ევროპარლამენტარები ღარიბაშვილზე: EU-ში ასეთ განცხადებას დაუყოვნებლივ გადადგომა მოჰყვებოდა

07 ოქტ 202122:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/07/3w2dhi9wf69gm33.jpg

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან და პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ. 

კერძოდ, ევროპარლამენტარები ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "თუ სააკაშვილი კარგად არ მოიქცევა, მას მუხლებს დაუმატებენ", საჯარო მუქარად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელი თანამდებობიდან გადადგებოდა. 

ისინი იმედოვნებენ, რომ სააკაშვილის საქმეზე დაწყებული გამოძიება ევროპული სამართლის პრინციპების შესაბამისად ჩატარდება. 

"ჩვენ ველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი საქმის გამოძიება საქართველოში მოხდება ევროპული სამართლის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საჯაროდ გაჟღერებული მუქარა სააკაშვილის მიმართ, რომლის თანახმადაც მის მიმართ დამატებითი ბრალდებები იქნება წარდგენილი, თუკი ის "კარგად არ მოიქცევა". ეს აჩვენებს იმას, რომ სააკაშვილი საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუსაბამოა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია გადალახოს სამართლიანობის პოლიტიზირების ცდუნებაა, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებსა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ტიპის განცხადება, მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან, გამოიწვევდა მის დაუყოვნებლივ გადადგომას. პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მხრიდან პირადი თავდასხმები ოპოზიციონერ ლიდერებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევებზე, უბრალოდ ამაზრზენია. მომწიფებულ ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე, ვერავინ ნახავს, რომ ხელისუფლება და მმართველი პარტიის ლიდერები ასე იქცეოდნენ", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს.

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.


close დახურვა